,,აშშ-ის საელჩოს უმთავრესი ინტერესი სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა”- ”ხალხის ძალა”

,,აშშ-ს საელჩოს უმთავრესი ინტერესი, სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა, რაც ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვა,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სავიზო შეზღუდვები დაუწესა, თავისთავად სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა და ერთი შეხედვით, რაიმე დამატებით მსჯელობას არ საჭიროებს.”

განცხადებაში  ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის აუდიოჩანაწერზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ”გვარამია იმ დროისათვის მოქმედ მოსამართლეს დიდი ოდენობით ქრთამს სთავაზობდა, რაც ერთმნიშვნელოვნად უხეში კორუფციული ქმედებაა.”

,,სახელმწიფო დეპარტამენტისა და კელი დეგნანის სტანდარტით, თავისთავად ეს ფაქტი უკვე იქნებოდა საკმარისი საფუძველი მამუკა ახვლედიანის დასანქცირებისთვის, თუმცა, ვხედავთ, რომ ახვლედიანი კვლავაც მათ ფავორიტად რჩება. მიზეზი მარტივია – ახვლედიანს საელჩო და ენჯეოები სასამართლოს დისკრედიტაციისა და სასამართლო კორპუსის გახლეჩის მიზნით დღემდე აქტიურად იყენებენ.

გვარამიას და ახვლედიანის საუბრიდან მალევე, ეს უკანასკნელი რამდენიმემილიონიანი ქონების მესაკუთრე გახდა, რაც ყველა სტანდარტით, მისი კორუფციული საქმიანობის უტყუარი მტკიცებულებაა. კერძოდ, მამუკა ახვლედიანმა მოსამართლის თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2016 წელს 2 400 000 დოლარად შეიძინა სპორტსკოლა „ოლიმპი“. გადასახდელი თანხის წყაროდ მან ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოტანილი სესხი მიუთითა და თქვა, რომ ბანკი მას „პირადი ავტორიტეტის გამო“ ენდო. ვისაც შეხება ჰქონია საბანკო კრედიტებთან, დაგვერწმუნება, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება კრედიტის ოდენობას და ყოველთვიურად დასაფარი თანხა პირის ყოველთვიურ შემოსავალს მნიშვნელოვნად არ აღემატება, საბანკო კრედიტს არავინ მოგცემთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ახვლედიანმა საბანკო კრედიტი მხოლოდ ფულის გათეთრების ინსტრუმენტად გამოიყენა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 800 ათასი დოლარი ნაღდი ფული ახვლედიანმა გამყიდველს საბანკო კრედიტის გამოტანამდე ჯერ კიდევ სამი კვირით ადრე გადაუხადა.

ამ ფონზე, უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა – რატომ არ ასანქცირებს სახელმწიფო დეპარტამენტი მამუკა ახვლედიანს კონკრეტული მძიმე კორუფციული დანაშაულისთვის, რომელიც ხელის გულზე დევს? მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა, სახელმწიფო დეპარტამენტს და საელჩოს მოსამართლის სანქცირებისთვის არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება.

ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. საელჩო სინამდვილეში არა სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესით, არამედ სწორედ კორუფციული ინტერესების კარნახით მოქმედებს. მისი უმთავრესი ინტერესი კი, სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა, რაც ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები