საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, დავით სერგეენკომ 32 მორიგი სესიისგან 25 სესია არასაპატიო მიზეზით გააცდინა.

„პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომის ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 32 სხდომა ჩატარდა, აქედან საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოს მიერ გაცდენილ იქნა 25 სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან ათი დღის ვადაში გაცდენის მიზეზს გამოიკვლევს და არასაპატიო მიზეზის შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას ამზადებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები