„თბილისი პრაიდის“  ღონისძიებებთან დაკავშირებით შსს უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოდ ჩაივლის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, 2 დახურული ღონისძიება მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. დღეს, კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას“ – აღიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს ყველას მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის ფარგლებს.

„მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები“, – აღნიშნულია უწყების  განცხადებაში.

მსგავსი თემები