,,ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას და ეს მათთვის საზიანოა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება არასწორად იქცევა.

„მე ვამჯობინებდი, რომ ოპოზიციას და მასთან დაკავშირებული მედიაც სამყაროს საქართველოს გადასახედიდან უყურებდეს. ვგულისხმობ, რომ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება. უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როცა ბელორუსშიც კი ელჩი ჰყავდათ და უკრაინის ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოს ელჩი, ფაქტობრივად, გამოაძევა. ის ერთადერთი იყო ელჩებს შორის, რომელიც დარჩა კიევში და არ შეუშინდა რუსულ ბომბებს. მაშინ, როდესაც აშშ-ის, გერმანიის, თუ სხვა ელჩებმა კიევი დატოვეს, საქართველოს ელჩი იქ იყო ბოლო წუთამდე, საქართველოს დროშა ერთი წუთითაც არ დაშვებულა კიევში, როდესაც სხვა ქვეყნის დროშები დაეშვა საელჩოების წინ. ამის საპასუხოდ, როდესაც ხდება ამ ელჩის ქვეყნიდან გამოძევება, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი. ამიტომ, მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ქართველი, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაშია, თუ უპოზიციურ მედიაში, საქართველოს ოპოზიციაში არავინ უნდა იყოს. როდესაც საქართველოს მიმართ ხდება ასეთი დამოკიდებულება, ყველა უნდა იყოს მკაფიო ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნების ურთიერთობა კაპრიზებზე არ ეწყობა.

„თუ ვფიქრობთ, რომ ეს რამეს აზიანებს, ისიც უნდა დავინახოთ, რომ ამას უკრაინის ხელისუფლების ეს ნაწილი აზიანებს. ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება და ეს კაპრიზია, როდესაც სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა, მის მიმართ მოპყრობა სათანადოა, ერთიც დამტკიცებულია და მეორეც, მაინც ხდება ამ ყალბი მიზეზით, გადაყვანის მოთხოვნა და ასე შემდეგ. კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები