აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალო პრეპარატი ქვეყანაში წლის ბოლომდე შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ესწრებოდნენ.

როგორც საბჭოს ერთ-ერთი წევრი, პედიატრი ივანე ჩხაიძე აცხადებს,  პროტოკოლი ივლისის შუა რიცხვებში დამტკიცდება, როს შემდეგაც, ქვეყანაში „ვოსორიტიდის“ შემოტანა მოხდება.

„უახლოეს დღეებში გვექნება ეროვნული პროტოკოლის საბოლოო ვერსია.  შემდეგი ეტაპი არის ამ პროტოკოლის განხილვა, დამტკიცება გაიდლაინებისა და პროტოკოლის ეროვნულ საბჭოზე. მოსალოდნელია, რომ პროცესი უახლოესი კვირის ან ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და გაიდლაინების საბჭო საბოლოოდ დაამტკიცებს პროტოკოლის იმ ვერსიას, რომელიც შემდეგ უნდა იყოს ხელმოწერილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროტოკოლის ამ ვერსიას განიხილავს ექსპერტი და საბოლოო ჯამში, პროტოკოლს ექნება როგორც სამუშაო ჯგუფის, ისე ქართველო და უცხოელი ექსპერტების შეფასება. წინასწარი მოლოდინია, რომ 15-20 ივლისისთვის იქნება პროტოკოლი გატანილი და მიღებული გაიდლაინების ეროვნულ საბჭოზე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე შეფასებით, პროტოკოლი აუცილებელია, რომ მკურნალობის ეტაპები და პროცედურები იყოს გაწერილი.

„პროტოკოლი არის ფართო დოკუმენტი. დეტალურადაა განხილული დაავადების გენეტიკური მიზეზები, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები. მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობა – ვინ უნდა შეაფასოს ბავშვები, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მედიკამენტის დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. დეტალურად არის განხილული დაავადების მკურნალობის მეთოდები – მოვლა, სარეაბილიტაციო ღონისძიებები. მსოფლიოში მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს ასეთი პროტოკოლი და ჩვენ ვიქნებით მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის ეროვნული პროტოკოლი ექნება“, – განაცხადა ივანე ჩაიძემ.

 

მსგავსი თემები