ომბუდსმენი – ,,პრაიდის კვირეული” თავისუფალ გარემოში ჩატარდეს”

საქართველოს სახალხო დამცველი “პრაიდის კვირეულს” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.

ომბუდსმენი წერს, რომ ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ ყველა მოწოდებასა და მუქარაზე მოახდინოს სათანადო რეაგირება.

” ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში. ასევე, სახალხო დამცველი გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებასა და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას და რეალიზებას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ ყველა მოწოდებასა და მუქარაზე მოახდინოს სათანადო რეაგირება და უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახლოებული კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით”  – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა,  სახალხო დამცველი  მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე და მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება

მსგავსი თემები