,,21 ოქტომბერს ვიყავი სახლში, გავედი ორი საათით, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ – ტელევიზიით გავიგე ამ ამბის შესახებ”- ბადრი ესებუა

ბადრი ესებუას განცხადებით, საქართველოს ბანკის განხორციელებული თავდასხმის შესახებ, ტელევიზიის საშუალებით გაიგო. როგორც ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, 21 ოქტომბერს სოფელი არ დაუტოვებია.

,,21 ოქტომბერს ვიყავი სახლში, გავედი ორი საათით, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. “მარშუტკას” ველოდებოდი. მეზობელმა გამოიარა, გავყევი სასაფლაოზე, ორი საათი ვიყავით, ამის მერე მთელი დღე სახლში ვიყავი. ტელევიზიით გავიგე ამ ამბის შესახებ. 22 ოქტომბერსაც სახლში ვიყავი,”- განაცხადა ესებუამ.

ესებუა ბრალს არ აღიარებს.

,,დილის 4 საათი იყო. მოვიდნენ პოლიციები, ვიწექი. მეძინა, აზრზე ვერ მოვედი, წინააღმდეგობა არ გამიწევია. პატარა ოთახში 10 სპეცრაზმელს რა წინააღმდეგობას გავუწევდი. გამომძიებლების ჩვენება იყო სიცრუე, აღიარა დანაშაულიო, კარს დაეჯახაო, თანხა ნახევარი დავხარჯე, ნახევარი დავკარგეო, თქვაო – ეს ტყუილია. მანამდეც ჰქონდა დაკავების მცდელობა ბევრ ადგილას. მე აქ ვიყავი, ქვეყანა არ დამიტოვებია, აფხაზეთშიც ვიყავი. მე არ ვიცი, სასურველი კანდიდატი ვიყავი თუ რატომ დამაბრალეს ალქაიდას წევრობა,”- განაცხადა  ესებუამ.

ცნობისთვის, ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

მსგავსი თემები