„არ ვართ მოწოდებული, საყვედურები მივიღოთ“ –  მამუკა მდინარაძე ევროკავშირის დემარშზე

ევროკავშირის ელჩისა და წვერი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის გადაცემულ დემარშთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი შეფასებით, ელჩის განცხადებები უზუსტობებს შეიცავდა და საქართველო არ აპირებს, საკუთარი მოქალაქეები დააზარალოს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა დემარში საქართველოს მთავრობას რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო გადასცა.  მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას საქართველოს  მთავრობის თანხმობა არც სჭირდებოდა.

„მადლობა ევროკავშირის ელჩს, რომ მან ხაზგასმით თქვა, ფრენების აღდგენა იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუმცა, აქვე ობიექტურობისთვის უნდა დავძინოთ, მისი განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცენ, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ.  არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზარალებს საქართველოს.

„ეს არის პრინციპული პოზიცია, რადგან ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს, მოქალაქეებს. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, არ ვაპირებთ. გარდა ამისა, 2022 წელს ევროკავშირისა და რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა გახლდათ 258 მილიარდი ევრო, დღეში 700 მილიონი ევრო.  რაც არის ევროკავშირის ბრუნვა ოთხი დღის განმავლობაში, იმას ვაჭრობს საქართველო რუსეთთან“ – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები