2019 წელს ახალი ქარსაფარი ზოლები გაშენდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს 2018 წლის მუშაობის შედეგებსა და მიმდინარე წლის გეგმებს აცნობს.

„მინისტრის საათის“ ფორმატში დავითაშვილი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ახალ, გაერთიანებულ სამინისტროებს და ზოგადად, ქვეყანას გარემოს დაცვისა და სფლის მეურნეობის მიმართულებით გააჩნია.

„2018 წელი იყო პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი წელი გაერთიანებული სამინისტროსთვის. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა ეფუძნება სამ ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს: საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა 2017-2021 წლები; საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლები; საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2015-2020 წლები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სწორედ 2018 წელს დამტკიცდა საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა (NEAP3), რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ დოკუმენტს წარმოადგენს.

მინისრის განცხადებით, 2019 წლისთვის დაგეგმილია ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგის დაცვის მიმართულებით.

„ახალი კანონი დაარეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციასთან, სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენა-გაშენებასთან, მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ქარსაფარი ზოლების გაშენება ხელს შეუწყობს მიწების ნაყოფიერების შენარჩუნებას და სოფლად უკეთეს მოსავლიანობას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეისათვის, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წელს გაშენდა 6,5 კმ ქარსაფარი ზოლი.

დავითაშვილის ინფორმაციით, 2019 წლისთვის დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება გარდაბნის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მსგავსი თემები