შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.

„წლიდან წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებული პრევენციული ბერკეტის, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. ასევე, სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის უმკაცრესი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.

გარდა ამისა, ჩვენს უწყებაში ჩვენი თანამშრომლების გადამზადება უწყვეტად მიმდინარეობს, რომ თითოეული შემთხვევა არ დარჩეს ყურადღების მიღმა,  ძალადობის თითოეულ ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ, მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. მზად ვართ, მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება. პროგრესისა და მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, სამწუხაროდ, ხდება მძიმე ფაქტები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები