,,ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი”- ზარქუა ზურაბიშვილზე

,,ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა არ გამორიცხავს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია შეიწყალოს.

„ჩვენი პოზიცია მარტივია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როდესაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიდგომაა, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე როგორც პატიმარ გვარამიაზე. კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით პატიმრობა.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს – რა გითხრათ, ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი – თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო – ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, „არა და არასდროსო“, არ გამოვრიცხავ, ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, ქალბატონ პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ქალბატონ სალომეს მართებს, რომ ინსტიტუცია დაიცვას. ასე შეურაცხყოფდნენ და ამის შემდეგ იმ გუნდის ბელადის შეწყალება, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა, მე არ ვიცი.

რაც ჩანს ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მათ შორის რაღაც ჯგუფის მხრიდან დასავლეთიდანაც, პირდაპირ დარტყმაა, რომ აიძულონ და შეიწყალოს, მაგრამ შეწყალების საფუძველი არ არსებობს – კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი და სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს.

ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თქვან კონკრეტული დასკვნა – მერამდენე თვეა, ხან ერთ, ხან მეორე დაავადებაზე საუბრობენ. დაწერონ ამ დალოცვილებმა, რა სჭირს და შემდეგ ვკითხავთ პენიტენციურ სამსახურს, შეუძლია თუ არა მკურნალობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები