„კომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებულია. მისი განმარტებით, აღნიშნული ღირებულებები დემოკრატიას და კანონის უზენაესობას აერთიანებს.

„ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე და ღირებულებაზე. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ღირებულებებს, ვინც არ უნდა ითხოვდეს ევროკავშირში გაწევრიანებას. ვსაუბრობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ელჩმა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებაც ისაუბრა. ჰარცელმა აღნიშნა, რომ დროა საქართველომ იმუშაოს ამ საკითხებზე, რაც საიმედოს გახდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

„ველოდები, რომ კომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები წევრ სახელმწიფოებს შორის და გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ ერთი თვის ვადაში მოხდება. მე არ მსურს ამ შეფასების შედეგზე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე სპეკულირება და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები თუ უფრო მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია და ეს არის ის, რომ დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე, დროა, უზრუნველყოფილ იქნას, რომ სერიოზულად და მდგრად განახორციელოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

,,ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაგეხმაროთ, ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში წარმატების მიღწევაში იმის მიუხედავად, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და გვსურს, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!“,- აღნიშნა ჰარცელმა.

მსგავსი თემები