,,ბალდაში არსებული მდგომარეობა საშიშ ფორმებს იღებს” – ომბუდსმენი

ომბუდსმენი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს მოუწოდებს, უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა.

,,სახალხო დამცველი შეშფოთებულია სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებით და მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო დაძაბულ და საშიშ ფორმებს იღებს. ამდენად, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ყველა ქმედითი ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად და კრიზისიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად; აღნიშნულის მისაღწევად კი პროტესტის მონაწილეებთან დიალოგსა და მედიაციას ალტერნატივა არ აქვს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში არსებული კრიზისული ვითარების, ასევე, თავად განსახილველი საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებს – გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი და უახლოეს დღეებში უზრუნველყონ დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ შეხვედრის მოსახლეობისთვის სასურველი ფორმატი და ხელი შეუწყონ ნდობაზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული თავდასხამა მარტვილში, სოფელ ბალდაში 11 ივნისის ღამეს მოხდა. დაჭრილია ორი მამაკაცი. ძმებს – მინდია და არჩილ ბჟალავებს, რომლებიც 7 თვეზე მეტია ბალდის კანიონის პრივატიზაციას აპროტესტებენ, სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. თავდასხმისთვის ასევე ძმები, გელა და გიგა ხურცილავები დააკავეს.

მოგვიანებით დააკავეს მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ინდიკო ბჟალავაც, რომელსაც მუქარას ედავებიან. სამივე დაკავებულს სხვადასხვა მუხლებით ბრალი დღეს წარუდგინეს.

მსგავსი თემები