ახალ ზელანდიაში ძაღლებს მანქანის მართვას ასწავლიან

ახალ ზელანდიაში ძაღლებს მანქანის მართვას ასწავლიან. დაინტერესებულ პატრონებს შეუძლიათ, ოთხფეხა მეგობარი სპეციალურ სკოლაში შეიყვანონ, სადაც ყველაფერი ძაღლებისთვისაა მოდიფიცირებული. როგორც ავტოსკოლაში ამბობენ, ტარების დასაუფლებლად ძაღლს, დაახლოებით, 8-კვირიანი სწავლება სჭირდება.

ცენტრს 3 კლიენტი უკვე ჰყავს. ძაღლებს მონტს, პორტერსა და ჯინის მანქანის ძრავის ჩართვა, საჭის დამორჩილება და აჩქარება შეუძლიათ. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მათი თათები სხვადასხვა ფუნქციონალზე მაქსიმალურად იყოს დაფიქსირებული. ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მომდევნო მიზანი სპეციალური მართვის მოწმობის შემუშავებაა, რომელიც ძაღლებს გადაეცემათ.

იდეის ინიციატორი ახალ ზელანდიაში მოქმედი ცხოველთა დაცვის ჯგუფია. პირველ რიგში, ამ გზით მათ სურთ, საზოგადოებას დაანახონ, თუ რამდენად ჭკვიანი ცხოველია ძაღლი და აქედან გამომდინარე, რა შესაძლო ფსიქოლოგიურ ზიანთანაა დაკავშირებული ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა.

ორგანიზაცია, პირველ ეტაპზე, ავტომობილის მართვას მხოლოდ მიუსაფარ ძაღლებს ასწავლის, რათა პროექტის დახმარებით მათი არსებობის შესახებ საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ. პირველ სამ ოთხფეხა მეგობარს უკვე გამოუჩნდა ოჯახი, რომელიც მზადაა, ისინი შეიფაროს.

მსგავსი თემები