“ეს არ არის უწყინარი დემაგოგია, ეს არის სახელმწიფოსთვის საშიში დემაგოგია” – ცერცვაძე კალოიანს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ანესთეზიოლოგსა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელს ვახტანგ კალოიანი ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

“მე არ შემიძლია, რომ არ გამოვთქვა მკაცრი საყვედური ბატონ ვახტანგ კალოიანის მიმართ, მისი ერთ-ერთი გამონათქვამის მიმართ. ის ხშირად გამოთქვამს საყვედურებს და ნეგატიურ პოზიციას იმაზე, თუ როგორ მუშაობს და როგორ ემზადება კოვიდპანდემიისთვის საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო სამსახური, მაგრამ ეს მისი ნებაა, მისი პოზიციაა, ამაზე ჩვენ არ ვედავებით.

ვედავები ერთ გამონათქვამზე: მან სიტყვასიტყვით თქვა, რომ საქართველოში არ არსებობს ვაქცინაციის სისტემა და ასევე, სიტყვასიტყვით თქვა, რომ მსურველები საკმარისზე მეტია და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ ვაქცინაციას.

ბატონო ვახტანგ, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ასეთი განცხადებები კატეგორიულად არ შეიძლება, სიმართლეც რომ იყოს – მაინც არ შეიძლება ამ განცხადების გაკეთება და მითუმეტეს, რომ ეს არის დიდი ტყუილი. ეს არის დემაგოგია, მაგრამ ეს არ არის უწყინარი დემაგოგია, ეს არის სახელმწიფოსთვის საშიში დემაგოგია, რამეთუ, შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არის ვაქცინაცია,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები