საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“. მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის მნიშვნელობა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე. კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.
დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და ბაზრის მონიტორინგის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ სემეკი ხელს შეუწყობს ისეთი ბაზარის ჩამოყალიბებას, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პრინციპებით.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნას ბაზარზე, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება. სემეკში შეიქმნა ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც სრულად გააკონტროლებს ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს, რაც არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ და ხელი არ შეეშლება კონკურენტული ფასის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
„2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც გაძლიერდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა, დაიხვეწა და გასწორდა საკანონმდებლო ხარვეზები, რომელიც პრაქტიკაში ფიქსირდებოდა. კონკურენციის კანონში ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ეკონომიკის სხვა მარეგულირებელ უწყებებთან მიმართებაში საკითხების განხილვის და გადაწყვეტის კონტროლის ერთიან პრინციპებზე ჩამოყალიბება. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი და მთავარი განხილვის თემა – რეგულირებადი სექტორების საქმიანობა კონკურენციის სამართლებრივ ფორმატში, ეფექტიანად წარიმართოს. მადლობა კონფერენციის ორგანიზებისთვის და მასში ჩართულობისთვის ჩვენი კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს,’’ – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე.
კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, უჩა უჩანეიშვილმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ და სემეკის წევრმა, მაია მელიქიძემ, ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელმა დირკ ბუშლემ , ლიეტუვას კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, შარუნას კესერაუსკასმა, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა, თეოდორ ტანერმა.
კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ავსტრიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები.