აჭარაში COVID-19 სასაზღვრო პოლიციის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა

აჭარაში COVID-19 სასაზღვრო პოლიციის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. მათგან ერთ-ერთი ბათუმის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი დამხმარე პერსონალი. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს. 

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ადგილზე დეზინფექცია ჩატარდა და ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ თანამშრომლებთან. 

ამ დროისთვის, აჭარაში კოვიდცენტრებში 115 პაციენტი იმყოფება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის შეცვლილ პროტოკოლს, ბათუმის კოვიდცენტრიდან 18 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს და ისინი მკურნალობას იქ განაგრძობენ.

“ჩვენ კლინიკაში მოყვანილი იქნა 26 ინფიცირებული პაციენტი. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, ერთი პაციენტი გადაყვანილ იქნა საჩხერის სამედიცინო ცენტრში, იმიტომ, რომ შვილსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და დედა-შვილი გადაყვანილი იქნა და დღეს დილისთვის 115 პაციენტი იმყოფება რესპუბლიკურ საავადმყოფოში,“ – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმმა, გია კიკაბიძემ.

მსგავსი თემები