“კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა მოგვარდება.

„მეამაყება, რომ ევროპის დღეს აღვნიშნავთ, ამავდროულად, ნამდვილად შეშფოთებული ვარ, ბოლო დროის მოვლენებით, რომლებმაც რაღაცები უსარგებლოდ გაართულა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ წინ წავიწიოთ. როგორც იცით, ჩვენ გულწრფელად გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და ევროპული ინტეგრაციის შემდეგ საფეხურზე გადავიდეს, გახსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს უკვე მოხდა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასე რომ, უნდა დავეწიოთ,ეს ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ მთავრობასთან, რათა ეს მოხდეს. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე შეფასებით,  კანონპროექტი ევროპულ ნორმებს არ შეესაბამება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, რაც უკვე არაერთხელ ითქვა ყველა ევროპელი ლიდერის მიერ. ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ევროპულ ღირებულებებს და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა ეს კანონად არ იქცეს. ამავდროულად, 6 თვე გავიდა გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან და საქართველოს 9 ნაბიჯი მოეცა შესასრულებლად, რათა წინ წაწეულიყო. დაჩქარება გვჭირდება 9 ნაბიჯის შესრულებაზე”, – განაცხადა ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები