,,არ ვიცი თვალიდან გამოვიხედები თუ არა, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს” – ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა პარლამენტში მივიდა და მედიასთან განცხადება გააკეთა:

,,სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს, ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში, ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არამარტო ახალგაზრდამ, გაიღვიძა. სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანები. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის.

თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი პოლიტიკური, მორალური შინაარსი ამ ადამიანებს აღარ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებთ, იმიტომ, რომ კბილი გამოგვეცლება ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარა.

გავიღიმებთ იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვებენ ეს ახალგაზრდები, გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი! აუცილებლად გაიმარჯვებთ თქვენ! ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას. თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი აქედან გამოვიხედავ თუ არა ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

მსგავსი თემები