დააკავეს კაცი, რომელიც ქალს ფოტოგრაფად გაეცნო, ფოტოები გადაუღო და აშანტაჟებდა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი კაცი დააკავა. ის დაკავებულია 19 წლის ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის კაცი Facebook-ის ჯგუფებში ყალბი ანგარიშით თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის ქალებს იწვევდა. მოგვიანებით კი მან ფოტოსესიაზე მისულ ქალს სქესობრივი კავშირი მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ფოტოები გაუვრცელა.

„[მას] დაჰპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, ფოტოებში არ გამოჩნდებოდა სახე… ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს – არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

გამომძიებლებმა დაათვალიერეს დაკავებულის ტელეფონი და აღმოაჩინეს სხვა ქალებთან კომუნიკაციის ფაქტები: ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარისა და შანტაჟის შემცველი მესიჯები. ჯამში აღმოჩენილია 200-მდე ქალის 5000-მდე ფოტო და ვიდეო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კვალიფიკაციით – სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით.

მსგავსი თემები