„საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა“ – შალვა პაპუაშვილი

„ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორის ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად, “ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის მხრივ არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე.

,,ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული.

საქართველოს გარშემო სულ უფრო ფართოვდება ცეცხლის, აგრესიისა და ძალადობის რკალი. უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე ჩვენი პარტნიორი დემოკრატიები არნახული წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. დემოკრატიული თანამეგობრობის ამოცანა უნდა იყოს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სტაბილურობის ოაზისის გადარჩენა და განვითარება. ამისთვის ყველა ჯანსაღი ძალა ქვეყნის შიგნით და გარეთ უნდა გაერთიანდეს. არ უნდა დავუშვათ საქართველოზე ომისა და ძალადობის გავრცელება და, იმავდროულად, უნდა განვამტკიცოთ ჩვენი დემოკრატია და კანონის უზენაესობა“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, თუმცა უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

,,საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები