„შეიძლება, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს და ეს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას დააბრალოს“ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა , ის არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი გაათავისუფლოს“

მდინარაძემ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს რიგითი ოპოზიციონერი უწოდა და განაცხადა, რომ მან სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, რადგან იგი არა მოდერნიზაციის სიმბოლო, არამედ კრიმინალია.

სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთი რიგითი ოპოზიციონერი, რომელმაც უკვე არაერთ დიპლომატიურ სკანდალში გახვია ქვეყანა. დადის და ისმენს, ხან ბალტიისპირეთის ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, რომ სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ქართული ეკონომიკა, ხან იმას, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს. მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც ეს ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. თურმე მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების დახურვა და ა.შ. ყოფილა მოდერნიზაცია.

ჩვენთვის ეს არ არის მოდერნიზაცია, ეს არის სისასტიკე. მოდერნიზაცია არის დემოკრატია, განვითარება და ევროპა. ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც არ უნდა იყოს, როგორი მეგობრული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ამ ქვეყნებთან, უნდა შევახსენოთ, რომ მკვლელობა, გაუპატიურება, ადამიანების წამება, ღირსების აყრა, ბიზნესის და ტელევიზიების რეკეტი, ეს ვერ იქნება მოდერნიზაცია, ამას ვერ მიიღებს ქართველი კაცი და ქალი მოდერნიზაციად ვერასდროს. ამას ისმენს სალომე ზურაბიშვილი და უპასუხოდ ტოვებს.

მისი მხრიდან ეს ან დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და გარე სიტუაციას დააბრალოს, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას დააბრალოს ან ითამაშოს როლი, რომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს და „არანაცის“ იმიჯი მოირგოს ამით. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20%-ზე ასე იმანიპულიროს. ამ საკითხს სხვა ახსნა არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები