„დასისხლიანებული ჯარისკაცი, სახელად გიორგი, არაფერს ეუბნება ქართულად მოლაპარაკე მამაკაცს“ – ნაწამები ქართველი ტყვეების საქმე

ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა უნდა ჩაითვალოს წამებად,” – ამის შესახებ სტრასბურგის სასამართოს დადგენილებაში წერია.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში, საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ გაგზავნილი იყო კიდევ ერთი საქმე, რომელიც აგვისტოს ომის დროს ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცის წამებასა და მკვლელობას შეეხება. საუბარია 1984 წელს დაბადებულ გიორგი ანწუხელიძეზე, უფროს სერჟანტზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა.
გიორგი ანწუხელიძის კვალი ცხინვალში 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა. ნოემბერში კი, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან თბილისში რამდენიმე დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ ერთ-ერთი სწორედ უფროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე იყო. მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ, უკანასკნელად ის სიკვდილამდე 3 დღით ადრე ნახა:

”6 აგვისტოს წავედი სოფელში და თითონ გამაცილა… მერე მე დამირეკეს ნაწილიდან და მითხრეს, რომ განგაში იყო და უნდა გამოცხადებულიყო გიორგი… მე გიორგის დავურეკე და ვუთხარი, რომ განგაში იყო და უნდა გამოცხადებულიყო ნაწილში. მე გორის რაიონის სოფელ ძევერაში ვიყავი, იქ საშინელი სროლა იყო და მივხვდი, რაშიც იყო საქმე… გიორგის დანაკლისს ჩვენ ვერაფერი შეგვივსებს. დღემდე ცუდად ვარ და, ალბათ, ასე ვიქნები ცხოვრების ბოლომდე…” – იხსენედბა გიორგი ანწუხელიძის მეუღლე.

მეორე შვილი, ანა, მამის დაღუპვის შემდეგ დაიბადა. დარჩა ოჯახის უფროსი ვაჟი – ლევანი.

მეუღლის დაღუპვის გარემოებების შესახებ მაკა ჩიკვილაძემ დიდხანს არაფერი იცოდა, ვიდრე 2009 წლის ზამთარში ინტერნეტით არ გავრცელდა შემზარავი კადრები – თუ როგორ აწამებენ რუსი და ოსი სამხედროები ქართველ ჯარისკაცს. სასტიკი წამების მიუხედავად, დასისხლიანებული ჯარისკაცი, სახელად გიორგი, არაფერს ეუბნება ქართულად მოლაპარაკე მამაკაცს, რომელიც მის დაკითხვას ცდილობს: ”გიორგი, გუშინ სად იყავი?…. როდის იქნები აზრზე?…”

ვიდეომასალაში საკმაოდ კარგად ჩანს ქართველი ჯარისკაცის სახე და ამიტომ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ წამების მსხვერპლი, ქართველი ჯარისკაცი, სწორედ გიორგი ანწუხელიძეა. არსებობს მეორე ვიდეოჩანაწერიც, რომელზეც ჯარისკაცის სახე არ ჩანს, მაგრამ, საერთო კონტექსტიდან გამომდინარე და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამტკიცებს, რომ ამ ვიდეოზეც ანწუხელიძის წამებაა ასახული. ეს ყველაფერი კი ცხინვალში ხდება. საქმე ის არის, რომ რამდენიმე პირმა კადრებზე ცხინვალის მე-5 სკოლის ტერიტორია ამოიცნო.

შეგახსნებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლომ გაადწყვეტილება მიიღო, 12 წლიან სასამართლო დავით სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

მსგავსი თემები