ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე 3 პირს ბრალი წარედგინა

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, 3 პირს ბრალდება წარუდგინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა, შურისძიების მიზნით, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და ფიზიკურად იძალადეს თანამშრომელზე. დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს.

ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ბრალდებულები დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ.

სამივე ბრალდებულის მიერ მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები