„ყველას მოვუწოდებთ, თავიდან აირიდონ ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მხარეებს მოუწოდებს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს სავარაუდო შედეგებზე.

„ახლო აღმოსავლეთი ახლა გახურებულ ქვაბს ჰგავს, რომელიც შეიძლება მალე აფეთქდეს. შეტაკებებია ლიბანის საზღვართან, სირიაში, ერაყში, წითელ ზღვაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, თავიდან აირიდონ ესკალაცია, თუმცა მიმდინარე პროცესებსა და სავარაუდო შედეგებზე პასუხისმგებლობა ვერ ავიღებ. უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი კონფლიქტის ცეცხლშია გახვეული. რამდენადაც ღაზაში ომი გრძელდება, რთულია იმის დაჯერება, რომ წითელ ზღვაში ვითარება გაუმჯობესდება. ერთი მეორესთან არის დაკავშირებული. მთელი ეს რეგიონული კონფლიქტი დომინოს პრინციპით ვითარდება” – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

მსგავსი თემები