,,ისრაელი არ აპირებს ღაზის სამუდამოდ ოკუპაციას ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას”- ნეთანიაჰუ

ისრაელი არ აპირებს ღაზის სამუდამოდ ოკუპაციას ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი ებრძვის „ჰამასის“ ტერორისტებს და არა პალესტინელ მოსახლეობას.

„მსურს, სრულიად ნათლად განვაცხადო. ისრაელი არ აპირებს ღაზის სამუდამოდ ოკუპაციას ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას. ისრაელი ებრძვის „ჰამასის“ ტერორისტებს და არა პალესტინელ მოსახლეობას და ჩვენ ამას ვაკეთებთ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ისრაელის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს, რათა შეამციროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ხოლო „ჰამასი“ ყველაფერს აკეთებს, რომ მსხვერპლი მაქსიმალურად გაზარდოს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებით. ისრაელის თავდაცვის ძალები ბროშურების გავრცელებით, სატელეფონო ზარების განხორციელებით, უსაფრთხო გადასასვლელი დერეფნების უზრუნველყოფით მოუწოდებს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას, დატოვონ ომის ზონები. ხოლო „ჰამასი“ ხელს უშლის პალესტინელების გასვლას იარაღით და ხშირად სროლით. ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ ღაზა „ჰამასის“ ტერორისტებისგან და გავათავისუფლოთ ჩვენი მძევლები. როგორც კი ეს მიიღწევა, შეიძლება, მოხდეს ღაზის დემილიტარიზაცია და დერადიკალიზება, რითაც შეიქმნება შესაძლებლობა როგორც ისრაელის, ასევე პალესტინელების უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები