არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პოლიციამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ პარტია „ხმის“ სახალხო დეპუტატი ნატალია პიპა საკუთარ ფეისბუქზე იტყობინება.

“მოქალაქე არესტოვიჩის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ შემატყობინა და მე გაცნობებთ. ველოდებით დაზვერვის ოფიცრის სწრაფ (თუმცა საეჭვო) დაბრუნებას უკრაინაში”, – წერს პიპა.

უკრაინის პოლიციაში განაცხადეს, რომ დეპუტატთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოება დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით.

ეროვნული პოლიციის წყაროებმა დაადასტურა, რომ საქმე ეხება პიპას და არესტოვიჩს.

ზაფხულის დასაწყისში ლვოვში კონფლიქტი მოხდა ნატალია პიპასა და ოდესელ მოზარდს შორის, რომელიც ქუჩაში საბჭოთა მომღერლის ვიქტორ ცოს სიმღერებს ასრულებდა. დეპუტატმა ბიჭს შენიშვნა მისცა, რაზეც ემოციური რეაქცია ჰქონდა – პოლიტიკოსს უხამსი სიტყვებით მიმართა. დეპუტატი პოლიციას დაუკავშირდა. მოზარდის დასაცავად ალექსეი არესტოვიჩმა სასამართლოს მიმართა და ნატალია პიპას წინააღმდეგ უკრაინაში ეროვნული შუღლის გაღვივებისთვის სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოითხოვა. ოქტომბერში, 29-კაციანმა დეპუტატთა ჯგუფმა ეროვნულ პოლიციას კოლექტიური განცხადება წარუდგინა, ალექსეი არესტოვიჩს სისხლის სამართლის დანაშაულის შეგნებულად ცრუ შეტყობინებაში დაადანაშაულა. საუბარია კონკრეტულად მის ბრალდებებზე ნატალია პიპას მიმართ. მაგრამ მაშინ არ გავრცელებულა ინფორმაცია, აღიძრა თუ არა საქმე ამ კოლექტიურ განცხადებაზე.

თავად ალექსეი არესტოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფება. ნოემბრის დასაწყისში მან აშშ-დან გამოაქვეყნა სურათები.

მსგავსი თემები