სიამოვნებით გაგიშვებდით ტრენინგზე, რომ გაერკვეთ საპარლამენტო მუშაობაში – პაპუაშვილი ხვიჩიას

სრულ ბუტაფორიად ვაქციეთ საპარლამენტო მუშაობა, განსაკუთრებით თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში. თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა, ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო, – ამ სიტყვებით „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

დაპირისპირების მიზეზი სესიაზე პენიტენციური კოდექსისა და მისი თანმდევი კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წესი გახდა.

„ბატონო შალვა, იყო კანონები, როდესაც ჩვენ მართლა ინტერესი გვქონდა და გამოვხატავდით. როცა ინტერესი გვაქვს, გვაჩერებთ, იძახით, თქვენი კითხვები არარელევანტურია, დროის გაწელვას ემსახურებაო. როცა კითხვები არ გვაქვს, იძახით, კითხვები არ ჰქონდათ მთელი ათი კანონი განვიხილეთო. საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადია, რომ ჩვენ სრულ ბუტაფორიად ვაქციეთ საპარლამენტო მუშაობა, განსაკუთრებით თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში. თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა, ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო“, – მიმართა ხვიჩიამ  პაპუაშვილს.

შალვა პაპუაშვილმა კი იაგო ხვიჩიას შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„რა ვქნა? შესაძლოა, რაიმე ტრენინგი მოვიფიქროთ სხვა პარლამენტებთან ერთად და სიამოვნებით გაგიშვებდით ამ ტრენინგზე, რომ გაერკვეთ, საპარლამენტო მუშაობა როგორ მიდის, რა ჯგუფებში მიდის, რა არის კომიტეტის როლი, პლენარული სხდომის როლი, რა არის დისკუსია, რა არის ეპატაჟი. ვფიქრობ, რომ ამაზე თქვენ სიღრმისეული ტრენინგი არ გაწყენდათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები