,,თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც საკრებულოებში ჩვენს წევრებს ასე მოექცევა”- ლევან ხაბეიშვილი

ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც საკრებულოებში ჩვენს წევრებს ასე მოექცევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილი გარდაბანში, საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი, რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს.

,,იძულებულები გახდნენ დღევანდელ სხდომაზე წინა საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინათ, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წევრებმა იბრძოლეს გარდაბნის საკრებულოში ამ კვირების განმავლობაში და შეუნარჩუნეს ადგილობრივებს [ტერიტორია]. მინდა მივულოცო ქესალოელებს, რომ სკოლის ტერიტორიას ვერ გაასხვისებენ და ამაზე დაბოღმილებმა და გაბრაზებულებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ჩვენი საკრებულოს წევრებს გაუსწორდნენ ფიზიკურად და სცადეს ამ ადამიანის დაჩაგვრა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის დავაჩაგვრინებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს და განსაკუთრებით საკრებულოს წევრებს, რომლებიც იბრძვიან ხალხის საკეთილდღეოდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წარმომადგენლებს, ყველას ვაფრთხილებ, დაგველოდეთ, ჩვენი მხრიდანაც იქნება ადეკვატური პასუხი, ცხადია კანონის ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ სკოლით ორი სოფლის მოსახლეობას სარგებლობს და ორივეს კიდევ მინდა მივულოცო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახერხეს და შევინარჩუნეთ, ისევე როგორც ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ ჩოხატაურში, ასევე შევინარჩუნეთ საბავშვო სკვერის ტერიტორია. ეს დაგვიჯდა იმად, რომ ჩვენს საკრებულოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა არავის არაფრის არ ეშინია და კიდევ გავიმეორებ – ვგმობ ყველანაირ ძალადობა, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც ჩვენს საკრებულოს წევრს ასე მოექცევა,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები