ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრებზე ქვეყანას მაჩანჩალად, ხელისუფლებას ლამის დიქტატორად წარმოაჩენდნენ – პაპუაშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრებზე ქვეყანას მაჩანჩალად, ხელისუფლებას ლამის დიქტატორად წარმოაჩენდნენ, ახლა ცდილობენ, ამ გემიდან გაიქცნენ, ვინაიდან ხვდებიან, რომ აგებენ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, რამხელა შეცდომა დაუშვა შარშან ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი დაჩაგრა.

,,იმედი მაქვს, ამ ჯერზე, 27 ქვეყანას შორის საქართველოს ნამდვილი მეგობრების სიტყვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე იმ ჯგუფების, ვინც შეიძლება, დღემდე მიხეილ სააკაშვილთან მათი განსაკუთრებული კავშირებიდან გამომდინარე, ცდილობენ, პროცესი ჩაშალონ. სწორედ ასეთი პროცესის ნაწილია ოპოზიციაც, რომელიც წელიწად-ნახევარი, ზუსტად ამას აკეთებდა. შარშან, ივნისში, მათ წარმატებას მიაღწიეს იმით, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩაშალეს. ვნახეთ, რატომაც უნდოდათ ჩაშლა. მათგან ამ გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა აქციები, სადაც დააანონსეს, რომ მთლიანად ხელისუფლებას წალეკავდნენ. მაშინ მათ სათანადო პასუხი გასცა ხალხმა, რომელმაც დაინახა, რომ არაფერი საერთო არ აქვთ ევროპასთან, ევროპულ ღირებულებასთან. ერთადერთი, რაც მათ უნდათ, აბსოლუტური ძალაუფლებაა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდათ, ძალაუფლების დაბრუნება სურთ, რათა ჩაგვრის, წამებისა და ადამიანის ღირსების შელახვის სისტემა დააბრუნონ. ეს არის, რაც ესიზმრებათ და ელანდებათ დღისით და ღამით. მცდელობები დღესაც არის. ვხედავთ, რამდენიმე ოპოზიციონერს, რომელიც ცდილობს, ამ გემიდან გაიქცეს, თუმცა თავად ამის მონაწილე იყო, როცა მაჩანჩალად წარმოაჩენდნენ ქვეყანას, რომელიც ლიდერია არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ მთლიანად რეგიონში. შეხვედრებზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ქვეყანას მაჩანჩალად და მის ხელისუფლებას ლამის დიქტატორად წარმოაჩენდნენ. ახლა ცდილობენ, ამ გემიდან გაიქცნენ, ვინაიდან ხვდებიან, რომ ისინი აგებენ და ქართველი ხალხი იგებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები