2022 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 18.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 18.3 პროცენტით, ანუ 238.5 ლარით გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 033.4 ლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 49.4 პროცენტი შეადგინა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 730.0 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 285.0 ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 10.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 247.7 ლარით, ხოლო კაცების – 1 827.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 192.2 ლარი (18.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.1 ლარი (18.8%).

საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. 2022 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 389.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით.

 

მსგავსი თემები