ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს – EUNEIGHBOURS east

ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს – ამის შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ (EU NEIGHBOURS east) ფარგლებში შექმნილი ვებგვერდი წერს.
მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით.
ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი).
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე.
მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება.
ქვემოთ იხილეთ კვლევის მთავარი მიგნებები საქართველოში და აგრეთვე გაეცანით თანდართულ დოკუმენტს ძირითადი ფაქტებით:
  • ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%).
  • საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%).
  • გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს.
  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%).
  • მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში.
  • ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება.

კვლევის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მსგავსი თემები