შოვში დაკარგული 7 რუსთაველის ვინაობა ცნობილია

შოვში, სტიქიის ზონაში, 7 რუსთაველია დაკარგული.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაკარგულები არიან შორენა ბიჭაშვილი და მისი ორი შვილი, მარიამ და კოტე მაისურაძეები, რომლებთანაც კომუნიკაციის დამყარება მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ვეღარ ხერხდება.

ასევე დაკარგულები არიან 60 წლამდე მარინა ხორბალაძე, მისი შვილი 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძე, შვილიშვილი 4 წლის გიორგი ხორბალაძე და მათი მეზობელი 18 წლის სამირა ისაევა.

როგორც “ინფო რუსთავს” სამირა ისაევას ძმამ ისკანდერ ისაევამ განუცხადა, დასთან ბოლო კონტაქტი 2 აგვისტოს ჰქონდა. მისი თქმით, შოვში დასასვენებლად წასულმა მისმა დამ და მეზობლებმა ერთ-ერთი კოტეჯი იქირავეს და იქ დარჩენას აპირებდნენ.

“ბოლო ვესაუბრეთ 2 აგვისტოს და გვითხრეს, რომ მამისონის კოტეჯები ვნახეთ, აქ დავიქირავეთ სახლი და უნდა დავრჩეთო. ფოტოებიც ჩაგვიგდეს. მერე ჩაგვიგდეს ერთი ნომერი, რომელიც ეკუთვნოდა მეგი გუტაშვილს, სახლის მეპატრონეაო”, – განგვიცხადა ისკანდერ ისაევამ.

დაკარგულია და სტიქიის ზონაში ეძებენ თავად მეგის, მის ძმას გიგი გუტაშვილს და ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრს.

 

მსგავსი თემები