,,ჩვენი მთავარი დევიზია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება”- პრემიერი

ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გეოპოლიტიკურ კრიზისებს და მიმდინარე საფრთხეებს საქართველო თავიდან აიცილებს

„ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვის და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს. იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდი, 10 წელზე მეტია, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და თქვენი პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც სჭირდება ამ სამსახურს – პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი მთავრობის სახელით .

მე მჯერა ამ გეოპოლიტიკურ კრიზისებს და ზოგადად, ამ მიმდინარე საფრთხეებს ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილებს, ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო სამშვიდობოს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები