ნატო შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს

ნატო საპატრულო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს. ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

“მოკავშირეები და უკრაინა მკაცრად გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას გავიდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან და მის გამიზნულ მცდელობებს შეაჩეროს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი, რომელზეც მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული.

ისინი, ასევე, გმობენ რუსეთის ბოლოდროინდელ სარაკეტო თავდასხმებს ოდესაზე, მიკოლაივსა და სხვა საპორტო ქალაქებზე, მათ შორის მოსკოვის ცინიკურ დრონებით თავდასხმას უკრაინული მარცვლეულის საწყობზე დუნაის საპორტო ქალაქ რენიში, რუმინულ საზღვართან ძალიან ახლოს”, – წერია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ მოკავშირეები მიესალმებიან თურქეთის მცდელობებს “გააცოცხლოს მარცვლეულის შეთანხმება”. ასევე, ბულგარეთის, რუმინეთის, ევროკავშირისა და გაეროს მცდელობებს ხელი შეუწყონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ზღვითა და ხმელეთით.

“ნატო და მოკავშირეები შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებენ, მათ შორის საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით. წინა წლიდან მოყოლებული, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ ნატომ მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი წარმომადგენლობა რეგიონში, ბულგარეთსა და რუმინეთში ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის ჩათვლით”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები