„მცდელობას არ აკლებენ, ამ ადამიანმა სრულყოფილად იმკურნალოს და მიიღოს საკვები“ – მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

„სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს თავად აზიანებს.

„ძალიან დიდი ხანია, თვალყურს ვადევნებ მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს და ასევე ექიმებს, რომლებიც მცდელობას არ აკლებენ, ამ ადამიანმა სრულყოფილად იმკურნალოს და მიიღოს საკვები.  სიმართლე გითხრათ, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას. თვითდაზიანებაში იგულისხმება შიმშილობის მრავალი ეპიზოდი, ექიმების რეკომენდაციებისადმი არდამორჩილება, მედიკამენტებისა და საკვების შერჩევით მიღება.

საკვები მასთან მიაქვთ მისი ოჯახის წევრებს. სამედიცინო პერსონალმა მისცა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებსაც არ ასრულებენ. შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის უშუალოდ ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს, უქმნის ყველა პირობას, რათა იმკურნალოს და თუ არ მკურნალობს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. ჩემი პირადი შთაბეჭდილება თუ გაინტერესებთ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს. ჩვენ მხოლოდ დაინტერესებული ვართ მისი ჯანმრთელობით“ – აცხადებს ბრეგაძე.

 

მსგავსი თემები