„სამწუხაროდ, გვაქვს ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა“- ზურაბ აზარაშვილი

„სამწუხაროდ, გვაქვს ცვლილების, ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა,” – ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

,,ჩვენ ისედაც გვაქვს ინფექციების კონტროლის თუ სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, კლინიკის შემოწმების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ერთადერთი, აქამდე არ იყო დაზუსტებული
და ახალ კანონპროექტში გაჩნდა პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, მხოლოდ პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულება“,- აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევებში, სრული სურათის აღდგენისა და პაციენტის საჩივარზე სწორი დასკვნის მოსამზადებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ოპერატიულობა.

მისი თქმით, დღეს არსებული სამწუხარო პრაქტიკიდან გამომდინარე, სასამართლოს ნებართვისთვის აუცილებელი დრო და კლინიკისთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება საკმარისია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დოკუმენტაცია მოაწესრიგონ. ეს კი რეალურ სურათს ცვლის და თითქმის, შეუძლებელი ხდება, იმის დადგენა, კონკრეტულ შემთხვევაში, დაფიქსირდა თუ არა ექიმის გადაცდომა, ან – სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობა.

„კანონპროექტში არის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი – სისტემური დარღვევების შემთხვევაში, კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება, რომელიც უფრო მოქნილს გახდის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების შორის ურთიერთობას. ესეც მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და როგორც კი კლინიკა გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევებს, სამინისტრო მისცემს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას.
დღეს, კანონში მხოლოდ ლიცენზიის გაუქმების მექანიზმია, რომლის აღდგენა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, იმდენად რთული პროცესები მიდის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები