„აქციის მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო“ – სახალხო დამცველი სასამართლოს მიმართავს

2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან, აქციაზე  დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძია) სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae)  თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილით მიმართა.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, წერილში საუბარია მსგავს საქმეებზე საერთაშორისო სტანდარტებზე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

„მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. ამ ფონზე, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასების არსებით მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად შეიძლება შეკრებილთა მიერ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებით სარგებლობამ საზოგადოებრივი წესრიგის თუნდაც მინიმალური დარღვევა გამოიწვიოს და შექმნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა”, – აღნიშნულია ლევან იოსელიანის განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებით, პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია სამართალდამცავთა მიერ შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევა მხოლოდ მათ მიერ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო.

 

მსგავსი თემები