,,მე პირადად, არ მიყვარს, მაგრამ უბრალოდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას”- ირაკლი ზარქუა

,,პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება, დაგვიანებული თუ არა, სამართლიანია. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და არავის მივცემთ საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციებს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო შეთანხმება იყო, რომ უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაეძლია და ზურაბიშვილი  წარმოადგენდა კანდიდატურებს, რაც პრეზიდენტმა დაარღვია.

„ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ პატივი ვცეთ ყველა ინსტიტუციას, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ, იმიტომ კი არა, რომ სალომე ძალიან გვიყვარს, არა, მე პირადად, არ მიყვარს, მაგრამ უბრალოდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში ყველამ ვისწავლოთ პატივისცემა ამა თუ იმ ინსტიტუციის, მათ შორის პრეზიდენტის. უბრალოდ, ჩვენ ვაკვირდებით, მერამდენედ ვეჩეხებით, თითქოსდა საბოტაჟს უქმნის ჩვენს ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ. შეგახსნებთ, პირველი იყო ელჩების დანიშვნა, ვეუბნებოდით, უბრალოდ წარდგენილს ხელი მოაწეროს, მორჩა, მეტი არაფერი ევალება. ვიდრე ჩვენ არ ვთქვით, რომ დაე, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს თემა, მანამდე არ მოაწერა, ჩვენც უკან გამოვიტანეთ.

მეორე თემა იყო ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნა. მოქმედ თავმჯდომარეზე, 2021-ში ვინც ჩაატარა არჩევნები, მოისმინეთ რამე უარყოფითი დასკვნა ეუთო/ოდირისგან, სადმე მოისმინეთ? არა. ვეუბნებით, იდეალური კანდიდატია, წარვადგინეთ, რომ წარმოედგინა პრეზიდენტს პარლამენტში. დღემდე არ გააკეთა და მოგვწერა, რომ იცით, სამართლებრივი არგუმენტები არ გვაქვსო, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სახეზე არ მოეწონა ალბათ, რადგან სხვა მიზეზი არ არსებობს. როდესაც შენ ხარ ამგვარი მიდგომით, რომ სამართლებრივი არგუმენტი არ გაქვს, მაგრამ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, არ მინდა, წარმოვადგინო, ეს არ არის პასუხი, ეს არ არის სწორი ჩვენი ქვეყნისთვის,”- განაცხადა ზარქუამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ქმედებები საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას

მსგავსი თემები