„დავით აღმაშენებელი მოზამბიკში რომ ყოფილიყო, გვექნებოდა ასეთი სიყვარული? – მეუფე იაკობის ქადაგება

„რაღაც არის ჩვენში ისეთი, რომ ღმერთი გვინახავს. რა გვაქვს სხვა ერებზე საყურებელი და რატომ უნდა შევნატროდეთ – საჭმლის გამო? სასმელის გამო? საოცარი ერია ქართველი ერი. პანდემიის დროს ყველამ დაკეტა ეკლესია, აბსოლუტურად ყველამ. ჩვენ ქრისტემ დაგვიფარა, მთელ ქვეყნიერებაზე საშინელი მდგომარეობაა“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, სადაც ღმერთია იქ მშვიდობაა, სადაც ღმერთს დაშორდებიან იქ მოიწევენ არამშვიდობიან პერიოდს.

„ყველა ღვთის მსახური ვართ, მაგრამ მღვდელმსახური ყველა არ ვართ. როგორც ჭამა გჭირდება ადამიანს ყოველდღიურად, ისე გჭირდება სულიერი კვება და ეს არის ზიარება. უფალს ყველაფერი შეუძლია. კაცისგან შეუძლებელი უფლისგან არის ყოველთვის შესაძლებელი. ადამიანს სიკეთის გაკეთებაც არ შეუძლია უფლის გარეშე. ჩვენ რომ ვიძახით კეთილი კაცია, ხომ შეიძლება ვუღაცასთან შედარებით იყო კეთილი, თორემ, თუ ღმერთთან ხარ და გამტარი ხარ, მაშინ მართლა კეთილი ხარ და გაკეთებინებს სიკეთეებს. ისე ვიღაცასთან შედარებით რომ რაღაცა ხარ, ეს არაფერს ნიშნავს“ – იქადაგა მეუფემ.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დავით აღმაშენებელს ღმერთმა მისცა შესაძლებლობა სიკეთე ეკეთებინა.

„რატომ გვიყვარს დავით აღმაშენებელი? ის რომ მოზამბიკში ყოფილიყო და იქ გამხდარიყო დიდი მეფე, ასეთი სიყვარული გვექნებოდა გულში? ის ჩვენთან რომ იყო და საქართველოსთვის რომ ეწამა, საქართველოს გაძლიერებისთვის, ამიტომ გვიყვარს. მას ღმერთმა მისცა საშუალება, რომ ბოლოს თბილისიც გაათავისუფლა“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები