,,ოპოზიციის მხრიდან ბევრი მუქარა და მოთხოვნა გვახსოვს – ერთხელ მაინც შეასრულონ თავიანთი ფუნქცია”- არჩილ თალაკვაძე

 ოპოზიციის მხრიდან ბევრი მუქარა და მოთხოვნა გვახსოვს – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მოთხოვნას.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში ოპონირება ძალიან უჭირთ, რადგან არ ესწრებიან იმ ფორმატებს, რომლებიც ოპოზიციისთვის არის კონტროლის მექანიზმად შექმნილი.

„მოქალაქეებს შეშფოთების არავითარი საფუძველი არ აქვთ. ოპოზიციის მხრიდან ბევრი მუქარა და მოთხოვნა გვახსოვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ერთხელ მაინც შეასრულონ თავიანთი ფუნქცია და გასწიონ ჯეროვანი ოპონირება. პარლამენტში ოპონირება ძალიან უჭირთ, რადგან არ ესწრებიან იმ ფორმატებს, რომლებიც ზუსტად ოპოზიციისთვის არის კონტროლის მექანიზმად შექმნილი. საკმარისი მანდატები აქვთ და ვინაიდან წინასწარ გააკეთეს განცხადება, იმედია, როდესმე შეძლებენ საკუთარი ფუნქციის შესრულებას. ოპოზიცია იყო აჟიტირებული, რადიკალური ოპოზიცია იმიტომ არის რადიკალური, რომ მათი ბედნიერებისთვის ასეთი საკითხები საკმარისია. უხარიათ, როცა ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილი ადგება, ხდება ისეთი მოვლენები, რითიც შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. მათ შიგნით არ აქვთ ლეგიტიმაცია და საგარეო პოლიტიკით ცდილობენ, როგორმე ამაზე საკუთარი დღის წესრიგი ააგონ. სინამდვილეში, ეს არის ოპოზიცია, რომელსაც ბედნიერებისთვის ასეთი საკითხები ჰყოფნის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები