დღეიდან რიკოთზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგება

მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, დღის ერთ მონაკვეთში მსუბუქ ავტომანქანებს გაატარებენ, მეორე მონაკვეთში კი სატვირთოებს.

„ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის;

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით;

ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში; მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს. კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები