„იმედგაცრუებულები დავრჩით“ – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოში 5 ივლისის დაპირისპირებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ იმედგაცრუელბული დარჩა.

„აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში. ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა, – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.

ელჩი 5 ივლისს სევდიან დღედ აფასებს.

„ეს ძალიან სამწუხარო, სევდიანი დღე იყო საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა არც ერთ სიტუაციაში. განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის“ –  განაცხადა კელი დეგნანმა.

კითხვაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ დაპირისპირებას ხელი ხომ არ შეუწყო, ელჩმა ასე უპასუხა:

„ველოდებოდით, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, ის მთავარ როლს შეასრულებდა სიტუაციის დაწყნარებაში და დაგმობდა ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ, სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“, – აცხადებს  კელი დეგნანი.

მსგავსი თემები