ბადრი ესებუას ადვოკატი შეხვდა, პატიმარი დუმილის უფლებას იყენებს

“საქართველოს ბანკის” ყაჩაღობისთვის ბრალდებული ბადრი ესებუა ბათუმის ციხეში ადვოკატმა ნახა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ესებუა ახალ ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს.

„ჩემი მასთან ვიზიტის მიზანი  იყო ის, რომ მას დაკავებისას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და ამასთან დაკავშირებით გამოძიებამ ბრალი 236-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაა – შენახვა – ტარებას გულისხმობს. ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს და სასამართლოში ჩვენების მიცემას გეგმავს”,- განაცხადა ესებუას ადვოკატმა მედიასთან.

რაც შეეხება ბანკის დაყაჩაღების ბრალდებას, ესებუა ბრალს არ აღიარებს.

„ბანკის დაყაჩაღების ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მას აღნიშნული ყაჩაღობა არ ჩაუდენია. სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება. კატეგორიულად უარყოფს იმ მასრის არსებობას მის სახლში, მასრა მის სახლში ვერ აღმოჩნდებოდა. ამბობს, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია. მას საქართველო არ დაუტოვებია, მაგრამ სიცრუეა, თითქოს იმ სახლში იმალებოდა“ – განაცხადა სოსო ჯანაშიამ.

მსგავსი თემები