„წარვადგენთ სანქციების მეათე პაკეტს, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პოლიტიკოსებს და სამხედრო ლიდერებს“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უახლოეს დღეებში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი მზად იქნება. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ შარლ მიშელთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.

„უკრაინა ევროკავშირის გზაზე წინ მიიწევს შთამბეჭდავი ტემპებით.  რაც თქვენ უკვე გააკეთეთ, აჩვენებს, რომ თქვენ შეგიძლიათ სწრაფი და ხარისხიანი შედეგების ჩვენება ომის პირობებში, როდესაც აგრესორს ებრძვით. ხშირად მესმის უკრაინელებისგან იმის იმედი, რომ მათი შვილები ევროკავშირში გაიზრდებიან. ეს იმედი მათ აძლევს საშინელი ომის გადატანის ძალებს. ძვირფასო ვოლოდიმირ,  შესაძლოა, ჯერ კიდევ რთული გზაა, თუმცა დარწმუნებული იყავით, ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით ყველა ნაბიჯზე. მოდით, ვაქციოთ უკრაინელების ოცნებები რეალობად, ცხოვრების ევროპულ წესად“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ნგრევისა და სისხლისღვრისთვის უნდა გადაიხადოს.

„უახლოეს დღეებში ჩვენ წარვადგენთ სანქციების მეათე პაკეტს. ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პოლიტიკოსებს და სამხედრო ლიდერებს, თუმცა ასევე, ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ყურადღებით ვუსმინეთ თქვენს გზავნილებს, როდესაც გასულ კვირას კიევში ვიმყოფებოდით. ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პუტინის პროპაგანდისტებს, რადგან მათი ტყუილები წამლავს საზოგადოებრივ სივრცეს რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ“, – მიმართა პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკის.

 

მსგავსი თემები