აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისის განსამუხტად და საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად ახალი გეგმა წარადგინა.
მისივე თქმით, ეს გეგმა საგრძნობლად შეამცირებს იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც აშშ-ის საზღვრის კვეთას არალეგალურად ცდილობენ.
„ეს პროცესი იქნება წესების დაცვით, უსაფრთხო და ჰუმანური”, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2020 წელს დაწესებულ შეზღუდვებს კუბელი, ჰაიტელი და ნიკარაგუელი არალეგალი მიგრანტების მექსიკაში დაუყოვნებლივი გაძევებისთვის გამოიყენებს.
ამასთან, აშშ მზადაა, ყოველთვე ამავე ქვეყნებიდან აშშ-ში თვითმფრინავით ჩასული 30 000 თავშესაფრის მაძიებელი ლეგალურად მიიღოს. ამისთვის მათ უნდა ჰყავდეთ ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ში და უნდა გაიარონ უსაფრთხოების სამსახურების შემოწმება.