„ცდილობენ ერთსქესიანთა ქორწინების, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის დანერგვას“ – მორიგი კრიტიკა ამერიკის საელჩოს   

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები ამერიკის საელჩოს, ამჯერად, შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ. როგორც „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანება წარმოადგენს.

ისინი „ლიბერალების“ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილებას  ერთ-ერთ ძირითად  მიმართულებად ასახელებენ.

„დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს. ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არა აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი.

პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინება და მეორე მხრივ, იმ მოდელის მკაფიო ილუსტრაცია, რომლის დანერგვასაც ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ და რომელსაც ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან და თავისუფლების იდეასთან არავითარი საერთო არა აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ლიბერალიზმს, როგორც „ხალხის ძალა-ში“ განმარტავენ,  მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა იყოს.

„გარდა ამისა, ლიბერალიზმის იდეას თვისებრივად ეწინააღმდეგება ნებისმიერი მცდელობა, აგრესიული ტოტალური კამპანიით სცადო საზოგადოებისთვის ისეთი იდეების თავს მოხვევა, რომლებიც მისთვის თვისებრივად მიუღებელია. არსებობს ცნობილი „ოვერტონის მეთოდი“, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, საზოგადოებისთვის თუნდაც რადიკალურად მიუღებელი იდეა ჯერ მის ყურს შეგიძლია შეაჩვიო, შემდეგ ასატანია, ხოლო მოგვიანებით – მისაღების კატეგორიაში შეგიძლია გადაიტანო, ბოლოს კი, ის არათუ მოსაწონ და პოპულარულ იდეად შეგიძლია აქციო, არამედ ნებისმიერი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, საღი აზრის მტრადაც კი შეგიძლია გამოაცხადო.

სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ცდილობენ ე.წ. ლიბერალები მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში ისეთი იდეების აგრესიულად დანერგვას, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა და სხვ. პრაიდის ჩატარება-არჩატარება, პრაქტიკულად, ქვეყნის ცივილიზებულობის მთავარ საზომად აქვთ გამოცხადებული. კონკრეტულ ქვეყნებში ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშეც კი აძლევენ სქესის შეცვლის შესაძლებლობას, შემოაქვთ ნეიტრალური სქესის ცნება, ხსნიან სპეციალურ საბავშვო ბაღებს ე.წ. ლგბტ ბავშვებისთვის და ა.შ. და ეს ყველაფერი ხდება პროგრესულობის სახელით, ყველა იმ ადამიანს კი, რომელიც ამ აგრესიულ კამპანიას უპირისპირდება, მყისიერად პროგრესის მტრისა და ჩამორჩენილის იარლიყს აწებებენ“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები