„ე.წ. ლიბერალების თავდასხმის ობიექტი მართლმადიდებლური ეკლესიაა“ – ხალხის ძალა

„ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება“, – აცხადებენ „ქართული ოცნებიდან „ წასული დეპუტატები და ბრძოლას ახალი მიმართულებით იწყებენ.

„ხალხის ძალა“ ამერიკის საელჩოს ე.წ. ლიბერალების მხარდაჭერასა და გაძლიერებაში ადანაშაულებს, რომელთა მთავარი მიმართულება ტრადიეიცების წაშლაა.

„როგორც ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ელიტა. სწორედ ეს ფსევდოელიტა, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ინტელექტთან და ჭეშმარიტ განათლებასთან, დგას დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის ავანგარდში, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების სრულად დაცლაა.

ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგი და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული. ასევე, ხელშეუხებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრება და მასში ჩარევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ სულისკვეთებით დავუჭირეთ, თავის დროზე, მხარი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. გარდა ამისა, ქართველებს შემწყნარებლობა არავისგან გვესწავლება და კონსერვატიული შეხედულებების ფონზე, სხვისი პირადი ცხოვრების, რწმენის თუ მსოფლმხედველობის პატივისცემას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის სათანადოდ ახერხებდა“, – აცხადებენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.

მათი შეფასებით, ე.წ. ლიბერალები საქარველოში აგრესიულ  პროპაგანდას ეწევიან.

„მათი აგრესიული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივებასაც უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს. ე.წ. ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც მათ, როგორც ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე მყოფი ძლიერი ინსტიტუტი, საკუთარი აგრესიული იდეოლოგიის ბუნებრივ ოპონენტად ესახებათ და შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდითა და ფორმით, მას აქტიურად ებრძვიან.

ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები