,,უკრაინის დაშინება შეუძლებელია, უკრაინის შეჩერება შეუძლებელია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთის არმიამ სპეციალურად განახორციელა ეს დარტყმები სწორედ დილის პიკის საათში. ეს ტერორისტების დამახასიათებელი ტაქტიკაა. მათ სურდათ, მეტი შიში გამოეწვიათ და მეტად დაეზარალებინათ ხალხი. მათ მთელი მსოფლიო შეძრეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა. მისივე თქმით, ,,უკრაინის დაშინება შეუძლებელია. მხოლოდ უფრო მეტად გაერთიანებაა შესაძლებელი. უკრაინის შეჩერება შეუძლებელია”.

„ტერორისტების ხელმძღვანელები ამბობენ, თითქოს ყველა დაგეგმილ სამიზნეს მიაღწიეს. ისინი იტყუებიან როგორც ყოველთვის. შეხედეთ მათ რეალურ სამიზნეებს, ენერგეტიკის ობიექტების გარდა. მხოლოდ ჩვენი დედაქალაქის მაგალითი აიღეთ. კიევში გზაჯვარედინი, სადაც ახლა ვდგავარ, ვლადიმირსკის ქუჩისა და შევჩენკოს ბულვარის გზაჯვარედინი. აი ასეთია სამიზნე. აქედან შვიდას მეტრში წმინდა სოფიას ტაძრის სამრეკლოა. მოსკოვი ჯერ არ არსებობდა, როდესაც ის უკვე იდგა. ცოტა მოშორებით – ვლადიმირ გორაკია, ადგილია, რომელიც ევროპის აღმოსავლეთისთვის ქრისტიანობისა და კულტურის წყარო გახდა, კერძოდ, იმ ტერიტორიისთვის, რომელსაც ბევრად მოგვიანებით რუსეთი ეწოდა. ჩემს გვერდით – შევჩენკოს უნივერსიტეტის კორპუსებია, რომელსაც მალე 190 წელი შეუსრულდება. ისინი ახლა დაზიანდა რუსეთის დარტყმის შედეგად. თუმცა ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. ქალაქის მასწავლებლის სახლიც დაზიანდა. თავის დროზე იქ მუშაობდა უკრაინის ცენტრალური საბჭო და ეს ადგილი ყოველთვის იქნება უკრაინელებისთვის ჩვენი სახელმწიფოს შექმნის დიდებული ისტორიის ხსოვნის ადგილი. და პირდაპირ ჩემს უკან – შევჩენკოს პარკის საბავშვო მოედანია, რომელიც ასევე გახდა რუსული რაკეტის სამიზნე. ის უბრალოდ შევჩენკოს პარკში არ არის. ის მდებარეობს კიევის მუზეუმების ქუჩაზე. კერძოდ, ტერორისტების ამ დარტყმის შედეგად დაზიანდა ხანენკოს სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ასეა ჩვენი სახელმწიფოს ყველა ქალაქში – სამოქალაქო, კულტურული, საგანმანათლებლო ობიექტები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები