,,ვინმე თუ სერიოზულად დაიწყებს სანქციებზე საუბარს, ღრმავდება ეჭვები, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა ივანიშვილისგან”- ირაკლი

,,ვინმე თუ სერიოზულად დაიწყებს სანქციებზე საუბარს, მაშინ ღრმავდება ეჭვები, რაც საზოგადოებაში ისედაც მუსირებს, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან. რაღაც კონკრეტულს სთხოვენ მას,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

კობახიძის თქმით, სანქციების დაწესება, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული.

„თუ ასეთი რამ თეორიულად მოხდა, მაშინ გამოდის, რომ ამ კაცისგან ვიღაცას მართლა რაღაც კონკრეტული უნდა. რა შეიძლება უნდოდეთ, ამას შეგნებულად არ ვიტყვი დღეს, მაგრამ საზოგადოება დაახლოებით მიხვდება, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სანქციების დაწესება, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ერთადერთი, რაც შეიძლება ამით მოხდეს, გაიშიფრება გარკვეული ზრახვები, რაც საზოგადოებისთვის ბოლომდე ცხადი გახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ბრალდებები, იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით შეიძლება იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, არასერიოზულია.

,,როგორ, რა ფორმით შეიძლება იყოს ეს ადამიანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ. არ ვიცი ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ, ეს რომ აღიარონ, მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები, არც ამას აღიარებენ და თან ჯიუტად იმეორებენ იგივეს,”- აღნიშნა კობახიძემ ,,იმედის” ეთერში.

მსგავსი თემები